ბათუმში აჭარის მთავრობის შენობის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ერთის მიმართ კი მიმდინარეობს სამართალწარმოება, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა.
ანანიაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ დაკავებულია ირაკლი ჩხვირკია, რომელიც 2018 წლის მარტში ბათუმში მომხდარი არეულობის გამო იყო დაკავებული.
დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით განხორციელდა.
„აქციის ფარგლებში შენობაზე დაამაგრეს ბუშტები, რაზეც სამართალდამცავებმა მოუწოდეს, რომ მოეხსნათ და ამაზე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. დავაკავეთ ერთი პირი და დამატებით ვაზუსტებთ. ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული. დღეს ადგილზე გარკვეული პროვოკაციები ხდება, რაზეც არაერთხელ მოუწოდეს პოლიციის წარმომადგენლებმა, რომ დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, არ შესულიყვენ კონფრონტაციაში პოლიციელებთან. თუ რაიმე საკითხის გარკვევა აინტერესებდათ, გაერკვიათ და არ მოეხდინათ ძალადობრივი მოქმედებები“,- განაცხადა ანანიაშვილმა.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვას სცადეს. ისინი სკანდირებენ: „მონებო, მონებო!“.
ადგილზე შეკრებილებმა პერფორმანსი მოაწყვეს, მათ სამთავრობო შენობასთან, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კაბინეტია, ბუშტები გაუშვეს, წარწერით: „მონა, იმოქმედე!“, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ისინი თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებენ, მოსახლეობას შეხვდეს და მათ პრობლემებს გაეცნოს.