აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, დღეს აჭარის მთავრობასთან ახალგაზრდები სხვადასხვა პერფორმანსის მოწყობას გეგმავენ.
მისივე თქმით, მთავრობის შენობასთან კაფე გაიხსნება, რომლითაც ყველა მოქალაქეს ექნება სარგებლობის შესაძლებლობა.
გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეს იქნება ერთადერთი კაფე, რომელიც ქალაქში იფუნქციონირებს.
„დღესაც ახალგაზრდების მიერ საინტერესო პერფორმანსები იქნება წარმოდგენილი. როგორც იცით, გარემოვაჭრეები შემოგვიერთდებიან და ამასთან, ახალგაზრდული კაფე გაიხსნება.
ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ, რომლებიც აქ მოსვლას გეგმავენ”,- აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან 7 ნოემბერის შემდეგ კარვებია გახსნილი და ოპოზიციის წევრები პროტესტის 24 საათიან რეჟიმში იმყოფებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.