ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება სამხედროების ჩართვა ამ პროცესში, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის დაწესებული შეზღუდვები მიმართულია იმისკენ, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდეს და შენელდეს ეპიდემიის გავრცელება.
„ამ ეტაპზე ყველა კერძო და სახელმწიფო კლინიკასთან ერთად, რომელიც ჩართულია კოვიდის მართვაში, ვმუშაობთ, რომ ერთი მხრივ, გაფართოვდეს ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა და მეორე მხრივ, ჩვენ შემუშავებული გვაქვს კოვიდ-სასტუმროების მოდელი, სადაც დამატებითი სამედიცინო კომპონენტი უფრო აქტიურად შედის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კლინიკების ასოციაციამ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართა და ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმების დახმარება და საველე ჰოსპიტლების მოწყობა ურჩია.
ცნობისთვის, კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.