კლინიკების ასოციაცია პრემიერს ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმების დახმარებას და საველე ჰოსპიტლების მოწყობას ურჩევს

450

საქართველოს კლინიკების ასოციაცია პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს და ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმების დახმარებას და საველე ჰოსპიტლების მოწყობას ურჩევს.

“ფაქტობრივად მიმდინარეობს მე-3-ე მსოფლიო ომი, ვებრძვით ,,ბიოლოგიურ იარაღს” ვირუსის სახით; კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს; სასწრაფო დახმარების მანქანები რიგებში დგანან; ხშირია დაგვიანებული და გართულებული შემთხვევები; პაციენტებს კლინიკის კორიდორებში უწევთ დაყოვნება; მედპერსონალის დეფიციტია; ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს; დააკვირდით ჩემი კოლეგების გადაღლილ თვალებს! არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია: 1) დროულად დავიხმაროთ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სამხედრო სან-ინსტრუქტორები, სანიტრები და მაშველები; 2) დიდი კლინიკების მიმდებარედ დროულად გავშალოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები (ლაზარეთები), სადაც ვაწარმოებთ პაციენტთა ტრიაჟს და მოვახდენთ ნაწილობრივ ჰოსპიტალიზაციას. შედეგად მივიღებთ მყისიერ ეფექტს: 1) განიტვირთება კლინიკები; 2) სამხედრო საველე ჰოსპიტლებში სამოქალაქო მედპერსონალს ჩაანაცვლებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის მედპერსონალი; 3) მოიხსნება სასწრაფო მანქანების რიგები და გაიზრდება მათი ოპერატიული მოქმედება; 4) მძიმე და საშუალო პაციენტები შეუფერხებლად განთავსდებიან სტაციონარში; 5) მსუბუქი (მაგრამ საყურადღებო) პაციენტები დარჩებიან სამხედრო საველე ჰოსპიტლებში; 6) უსიმპტომო პაციენტები განთავსდებიან სასტუმროებში ან მიეცემათ რეკომენდაციები სახლის პირობებში; 7) პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი განთავისუფლდება ფსიქო-ემოციური სტრესისაგან.

მოგიწოდებთ ზემოხსენებული რეკომენდაცია დროულად გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ფატალური შედეგები, ამავე დროს დღეისათვის არსებული ადამიანური რესურსი ასეთ მძიმე დატვირთვას ვერ გაუძლებს.

ექიმები, ექთნები და სანიტრები 24 საათის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში, კი გადაბმულად 48 და 72 საათი თავგანწირულ შრომას ეწევიან, ბოლო თვეების განმავლობასი გაუსაძლისია მათი ყოფა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიების გაცემის საშუალება სამწუხაროდ არ არის, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალი, იქნებ საშემოსავლო გადასახადებიდან მაინც გავანთავისუფლოთ.

ბატონო პრემიერო, კლინიკებში შექმნილი მძიმე ვითარების, უკეთ გაცნობის მიზნით, მოგიწოდებთ, მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში, ადგილზე იხილავთ რეალურ სურათს.

სამწუხაროდ არსებობენ ერთეული, ხელმოცარული “სირცხვილის” პოლიტიკოსები, ექიმების მიმართ არაადეკვატური გამონათქვამებით, მაგრამ შექმნილი მძიმე ვითარების გამო პოლიტიკურ მოვლენებზე “ხელის შეწმენდა” არამართებულად მიგვაჩნია, სამწუხაროდ, მეტი წილი ბრალეულობა ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაზე და არაკომპეტენტურ მენეჯმენტზე მოდის. ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა, სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კადრების შერჩევა პროფესიული ნიშნით აკადემიური წრიდან. დამერწმუნეთ, დღეს “პეპერობანას” თამაშის დრო არ არის. ყოველდღე ადამიანები იღუპებიან. ყოველდღე 30–40 ოჯახი შავებით იმოსება”,- აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია აწერს.

შეგახსენებთ, რომ კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.