უდუმაშვილი: მე მგონი, ასეთი მასშტაბური „ლოკდაუნის“ გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და იქნება მუდმივი პროტესტი

411

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მსგავსი მასშტაბის „ლოქდაუნი“ პოლიტიკური ნიშნით დააწესა და არა ეპიდემიოლოგიური ვითარების სამართავად.

ამასთანავე, უდუმაშვილმა განმარტა, რომ პროტესტი გაგრძელდება, მის ფორმაზე კი ოპოზიციური პარტიები ვითარებიდან გამომდინარე შეთანხმდებიან.

„ჩვენ სხვადასხვა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის, აქციებსაც, პროტესტს სხვადასხვა ფორმით. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემდეგ, პროტესტი ჩაცხრება, ძალიან ცდება. ეს „ლოქდაუნი“ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას. ასე რომ, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის, იმაზე, პარლამენტის პირველ სხდომას როგორ შევხვდებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და იქნება მუდმივი პროტესტი. რა თქმა უნდა, განიხილება მასშტაბური აქციებიც, თუმცა მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან ქვეყანაში საყოველთაო „ლოკდაუნია“, ტრანსპორტიც გაჩერებულია და ხალხის გადაადგილება ძალიან ჭირს და მე მგონი, ასეთი მასშტაბური „ლოკდაუნის“ გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეს რეალურად ეპიდემიის შეჩერებას ემსახურება, ასე რომ, გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის ისიც, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კატასტროფის წინაშე და მას სჭირდება ამ ვითარებიდან გამოყვანა“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.

კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.