ელისაშვილის პასუხი ხელისუფლებას კორონავირუსის გავრცელებაზე: რომ აცივდა, ისიც ჩვენ დაგვაბრალონ 

348

“რომ აცივდა, ისიც ჩვენ დაგვაბრალონ ახლა. ოპოზიცია, რომ არ ყოფილიყო, სულ კარგი ამინდი იქნებოდა, სულ მზიანი”, — ასე პასუხობს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი სახელისუფლებო გუნდის კრიტიკას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა ოპოზიციის აქციებმა გამოიწვია. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები ტუტუცობა და უსინდისობაა.

“გახარიას ვინ დამართა კორონავირუსი ძალიან მაინტერესებს. ჩვენ დავსდევდით კანცელარიიდან სოლოლაკამდე, რომ შეგვეფრქვია კორონავირუსი, თუ მაშინ, რომ ავიარეთ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაშინ ავაფრქვიეთ ვირუსი და ბაცილა?” — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

მმართველ გუნდის წევრებმა არაერთხელ, სხვადასხვა ტრიბუნიდან განაცხადეს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება ოპოზიციის აქციებმა გამოიწვია, რომელზეც რეკომენდაციებს არ იცავდნენ. პასუხად ოპოზიცია ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო ხალხმრავალ შეკრებებს ახსენებს.

შეგახსენებთ, რომ კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.