არჩილ ჩიქოვანმა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

291

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა.

„მერიის სტრუქტურული ერთეულები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები თოვლისა და უხვი ნალექის შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავლენ. მობილიზებული იქნება ,,სანდასუფთავებისა“ და ,,ბათუმის წყლის“ სპეციალური ტექნიკა, 150 ტონა ტექნიკური მარილი და 50 ადამიანისგან შექმნილი მობილური ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ დაემატება რამდენიმე ათეული ადამიანური რესურსი.

ბათუმის გამწვანების სამსახურისა და ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელების ინფორმაციით, კვირის ბოლომდე დასრულდება ხე-მცენარეების შეფუთვის სამუშაოები. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 600-ზე მეტი კბ შეშა. თითოეული ოჯახისთვის – 2 კბ. ამ ეტაპზე, შეშის მიღებასთან დაკავშირებით მერიაში 120 განაცხადია შემოსული. რაც შეეხება მუნიციპალურ სასადილოებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბენეფიციარების მიღება შეზღუდულია და საკვები პროდუქტების გაცემა ყოველთვიურად მიმდინარეობს, ხოლო საახალწლოდ იგეგმება სპეციალური სასურსათო კალათების გაცემა“, – განაცხადა შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სოკარ ჯორჯიასა“ და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.