კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი. გარკვეული შეფასების შემდეგ, 2 – კვირიანი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა, ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა“,-აცხადებს ტიკარაძე.