ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტლების გამოყენება არ განიხილება.
როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ხდება ჩვეულებრივი ჰოსპიტლების და სასტუმროების გამოყენება და ამასთან, იგეგმება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა პროცესში.
„საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია მოხდა, მაგრამ შემდეგ იქ არცერთი პაციენტის მკურნალობა არ მოხდა. არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტლები საუკეთესოდ გამოიყენეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს, რომ ეს ყველაფერი საჭირო არ გახდეს“,-აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოში 17 000 საწოლია, საიდანაც 5 000 სპეციფიკურია ამიტომ, 12 000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი.
“ამ 12 000 საწოლში ვითვალისწინებთ ყველა იმ სომატურ ნოზოლოგიას, რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მეთვალყურეობას. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვიღებთ გადაწყვეტილებას რომელ რეგიონში რომელი საავადმყოფო უნდა ჩაერთოს პროცესში. ჩვენი მიზანი არაა საწოლების მობილიზება, ჩვენი მიზანია პრევენცია და ჯაჭვის გაწყვეტა”,-აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.