ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სალონების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განხილვა არ ყოფილა.
როგორც მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, შეზღუდვებთან დაკავშირებით ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენადაა შესაძლებელი რეკომენდაციების დაცვის კონტროლი.
„საბჭოსთვის რამდენიმე პაკეტი გვაქვს წარდგენილი, რომელიც არის საშუალო, მსუბუქი და ძლიერი, რაც აისახება ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში. ბიზნესის ინტერესებს და მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს ვითვალისწინებთ, აქედან გამომდინარე ჩვენი მოთხოვნა დამყარებულია შემდეგზე: სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ნაკლებადაა შესაძლებელი კონტროლი, თუ რამდენადაა დაცული დისტანცია, ნიღბის ტარება და ასე შემდეგ. ამას ვაქცევთ ყურადღებას. სალონებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით არ მივიღოთ გადაწყვეტილება ვინაიდან, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. საბჭო ერთად იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.