როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, საარჩევნო უბნებზე ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გამოცხადდა.
“რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი.
როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს, კობახიძის ინფორმაციით, მათ შორის მანდატები ასე გადანაწილდება:”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 36 მანდატი; “ევროპული საქართველო” – 5 მანდატი; “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, პატრიოტთა ალიანსი” და “გირჩი” – 4-4 მანდატი; “მოქალაქეები” – 2 მანდატი; “ლეიბორისტული პარტია” – 1 მანდატი.
“შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.
დარწმუნებული ვართ, ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ შექმნა.
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს. მოგვიანებით გაგაცნობთ მეორე ტურის დაზუსტებულ შედეგებს”, – განაცხადა კობახიძემ.
მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” იღებდა მონაწილეობას.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ.
ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც.
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.