მოძრაობა “იმოქმედე” აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი მათ წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდა

432

მოძრაობა “იმოქმედე” აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი მათ წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს “იმოქმედეს” წევრამ ბექა მექვაბიშვილმა ბათუმის მერიასთან განუცხადა.

მისივე განმარტებით,“იმოქმედეს” წევრებმა მერიის შენობასთან სტიკერები გააკრეს წარწერიათ – “არ წახვიდე გაყალბებულ არჩევნებზე”, რასთან დაკავშირებითაც მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლმა ისინი გააფრთხილა, რომ სტიკერები არ გაეკრათ, რადგან ქალაქის იერსახეს აზიანებდნენ.

„იმოქმედეს” წევრებმა ბათუმის მერიის შენობასთან გააკრეს სტიკერები, შემდეგ ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენ მიერ გაკრულ სტიკერებს ხსნიდნენ. ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები და სტიკერების გაკვრა ხელახლა დაიწყეს. სტიკერის უშუალოდ გაკვრის დროს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ჩვენი მოძრაობის წევრს ხელით შეეხო. ასევე ტელეფონით უღებდა და ეუბნებოდა, რომ დაჯარიმდებოდა. ეს ყველაფერი არის მარაზმი, ესენი არიან რიჟვაძის მონები და ასრულებენ რიჟვაძის და ივანიშვილის დავალებებს”,- განაცხადა ბექა მექვაბიშვილმა.

ბათუმის მერიასთან პოლიცია მივიდა. “იმოქმედეს” წევრების განმარტებით, მათი 2 წარმომადგენელი ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.