ბოიკოტი პირობითი ცნებაა, ოპოზიციის განცხადების მიუხედავად, რომ არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე ტური მაინც შედგა. როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში მივეცი ხმა იმ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის წარმატებულ და მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ბავშვების მომავალს და იმას, რომ საქართველოში ღირსება არასდროს აღარ შეილახება, – ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.
ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომელიც იქნება ვალდებული და რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დაცვას. ამას მივეცი ხმა, სტაბილურობას, აღმშენებლობას, მშვიდობასა და ადამიანის მიმართ პატივისცემას. ბოიკოტი პირობითი ცნებაა, თქვენც მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად განცხადებისა, რომ არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე ტური მაინც შედგა. საარჩევნო ბიულეტენში ჩემი ოპონენტი ისევეა ასახული, როგორც მე. ასე რომ, მისი ამომრჩეველი შესაძლებელია მოვიდეს კიდევაც და ხმა მისცეს. ამომრჩევლებს აქვთ თავისუფალი ნება მივიდნენ და შემოხაზონ მათთვის სასურველი კანდიდატი, როგორც პირველ ტურში დაუჭირეს მხარი ქალბატონ ხატიას, ისე მივიდნენ და დაუჭირონ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა 8 პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.
არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.
ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.