“ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი საპარლამენტო არჩევნების II ტურს საბჭოთა კავშირს ადარებს.
“ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაა, არ მივცეთ ლეგიტიმაცია ამ ფარსს. შესაბამისად, ამ მეორე ტურებსს, ამ ფარსს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება. საბჭოთა კავშირში არჩევნები იყო სწორედ ასეთი, როცა იყო ფაქტობრივად მხოლოდ 1 კანდიდატი კომუნისტური პარტიიდან. სხვათა შორის, არ არის შემთხვევით, რომ კომუნისტური პარტიის ბევრი “მოღვაწე” დღეს ქართულ ოცნებაშია“, – თქვა მან.
მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ტარდება. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” სთხოვს.
“ევროპული საქართველო”, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ.
პოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც. კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია – ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.