ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს

346

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა 31 ოქტომბერს. დღესაც, ამ რთულ პერიოდშიც, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ. ამავდროულად, ყველა ქვეყანამ აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად და ამბიციურად აფიქსირებს თავის პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც მეორე ტურებეში  მონაწილეობენ.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. “ქართული ოცნების” ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.