ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ელჩებისა და მმართველი პარტიის ინდივიდუალური შეხვედრა ჯერ არ ყოფილა.
“როგორც კი ჩაინიშნება ქართული ოცნების წარმომადგენლებთან, ეს ცნობილი გახდება”, — განაცხადა კალაძემ.
დღეს, 20 ნოემბერს ფასილიტატორმა ელჩებმა ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრების გამართვა დაიწყეს.
“მე პირადად ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და, ასევე, პოლიტიკაშიც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ [ოპოზიციის წევრები] ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა მოსახლეობამ დააფიქსირა თავისი მოსაზრება, თუ როგორ სურს ნახოს მომავალი პარლამენტი, სადაც ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, თუ ვინ რა რაოდენობით უნდა შევიდეს პარლამენტში”, — აღნიშნა კალაძემ.
ქართული ოცნების ოფისში კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მან მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას და არც პარლამენტში გეგმავს შესვლას.
შედეგების გასაპროტესტებლად მათ რამდენიმე აქცია მოაწყვეს რუსთაველზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან. მოქალაქეები იკრიბებოდნენ საოლქო კომისიებთანაც.
თავდაპირველად ოპოზიციაში გეგმავდნენ, რომ საპროტესტო აქციას მეორე ტურის დღესაც გამართავდნენ, თუმცა მსჯელობის შემდეგ აქციებზე უარი თქვეს.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ