„ნაცმოძრაობის“ წევრი: გვაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ის ორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა ბათუმში უნდა მოაწყონ პროვოკაციები, ამიტომ „სირცხვილის კორიდორს“ აღარ გავაკეთებთ

371

გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სუს-ი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასარბევად, – ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი კირთაძის განმარტებით, დაპირისპირებისგან თავის არიდების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო უბნებთან ტრანსპარანტებით ხელში დგომას და „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას აღარ აპირებენ.

ზუსტად ვიცით, რომ სუს-ის მიერ დაორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა ქალაქში უნდა მოაწყონ პროვოკაციები. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ძალიან მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ჩვენ ხვალ ვაპირებდით, ეს იქნებოდა ბათუმის უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ტრანსპარანტებით ხელში დგომა და რამდენიმე გამყალბებლისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა, აღარ გავაკეთოთ. ძალადობა და პროვოკაციები არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად ძალიან მშვიდობიანი აქციებით დავასრულებთ და ვაიძულებთ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი სამართლიანი არჩევნები“, – აღნიშნა გიორგი კირთაძემ.