საუბნო საარჩევნო კომისიები ხვალ 12-კაციანი შემადგენლობით ვერ იმუშავებენ

423

საუბნო საარჩევნო კომისიები ხვალ 12-კაციანი შემადგენლობით ვერ იმუშავებენ. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას” და „ევროპულ საქართველოს” არჩევნების მეორე ტურზე, ხვალ, ოლქებში და უბნებზე კომისიის წევრები არ ეყოლებათ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” ასევე არ ეყოლება უბნებზე სუბიექტების წარმომადგენლებიც.

იოსელიანის თქმით, უბნებზე რჩება, „ქართული ოცნების” და „პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები და ასევე ოლქის მიერ დანიშნული წევრები.

ამასთან, იოსელიანის განმარტებით, წევრების და წარმომადგენლების გაწვევის მოთხოვნით აღნიშნულმა პარტიებმა ცესკოს უკვე მიმართეს.

მისივე თქმით, ასევე ფორმალურად მაჟორიტარობის კანდიდატი გაიწვია „ლეიბორისტულმა პარტიამაც”.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ” მოგვმართა წერილობით, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატები მოგვეხსნა არჩევნებიდან და ასევე არ იქნება საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენლები.

იცით, რომ საარჩევნო კომისიები 12-კაციანი შემადგენლობით მუშაობენ, ახლა კი იქნება 10-კაციანი შემადგენლობები. თუმცა, ეს არ შეუშლის ხელს საარჩევნო პროცესს და ჩვეულებრივი წესით წარიმართება პროცედურა. რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერას, საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარულ ოქმზე ხელს მოაწერენ ის წევრები, ვინც ადგილზე იქნებიან. ეს არჩევნების პროცესზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

იცით, რომ თუ 7 კაცზე ნაკლები იქნება კომისიაში, ამ შემთხვევაში სპეცუბნის სტატუსი მიეცემა ამ საუბნო საარჩევნო კომისიას, მივა შეტყობინება საოლქო საარჩევნო კომისიაში და საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს წევრების მივლინებას უბნებზე. საუბნო საარჩევნო კომისიას 7-კაციანი შემადგენლობითაც შეუძლია გააგრძელოს მუშაობა. ეს კანონით დაცული ნორმაა და არანაირი გამონაკლისი არ არსებობს”,- განაცხადა იოსელიანმა.