გერმანიის მთავრობის დახმარებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს ახალი საოფისე ტექნიკა გადაეცათ

622

გერმანიის მთავრობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ 4 მუნიციპალიტეტს დღეს საჩუქრად ახალი საოფისე ტექნიკა გადაეცა.

როგორც GIZ-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული გერმანული მხარის მიერ საოფისე ტექნიკის შეძენის ინიციატივა წარმოადგენს COVID-19 პანდემიის გამო პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტების შეფერხების აღმოფხვრისა და დამატებითი საჭიროებებისთვის ალტერნატიული დახმარების ფორმას, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დისტანციურად მუშაობის პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება.

„ახალი საოფისე ტექნიკა მოემსახურება მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტის ეფექტიან განხორციელებას მომავალში, რომელიც გულისხმობს ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა.

საოფისე ტექნიკის გადაცემას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამინისტროს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და GIZ-ის რეგიონული ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება.

GIZ-ის აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონული ფონდი ადმინისტრაციული რეფორმების ხელშეწყობის მიზნით პროექტებს 2016 წლიდან, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ექვსივე ქვეყანაში ახორციელებს. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა მონაწილე ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში არსებული პრაქტიკის გაზიარება, ინოვაციური მიდგომების შემუშავება და ეფექტური თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება.