“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ საპარალმენტო არჩევნებზე მოსყიდვის სისტემური გამოვლინება იყო. მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე IRI-ს ევრაზიის დირექტორის, სტივენ ნიქსის განცხადება შეაფასა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები.
კობახიძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.
„მთლიანობაში, ყველა საერთაშორისო პარტნიორმა მიიჩნია ეს არჩევნები ლეგიტიმურად. ეს იყო კონკურენტული არჩევნები და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, როგორიც არის მაგალითად, მოსყიდვა, ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ანგარიშები, მაგალითად, ერთ-ერთი არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის საია-ს ანგარიში, სადაც მოცემულია მოსყიდვის 7 სავარაუდო ფაქტი, ამ 7-დან 2 უკავშირდება “ქართულ ოცნებას“, 5- ოპოზიციას, ეს არის ფაქტები, რასაც დამატებითი ჩაძიება სჭირდება, მაგრამ არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ მოსყიდვის სისტემური გამოვლინება იყო, არ არსებობს. ამას ადასტურებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლების მონაცემები“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე.