თელავში ახალი ტურისტული მარშრუტი შექმნება

793

თელავში „ისტორიული შვიდი ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებისთვის სამუშაოები განხორციელდება. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, ქალაქ თელავში, დაიწყება განახლების ახალი ტალღა. იგი გულისხმობს „ისტორიული შვიდი ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებას, რომელზეც ქალაქი თელავია გაშენებული. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

,,პროექტის ფარგლებში, ქალაქ თელავში მოეწყობა შემდეგი ტურისტული ინფრასტრუქტურა: პარკირება და ბილიკი ზუზუმბოს გორაზე, ხიდთან მისასვლელი გზა, ზუზუმბოსა და დაბახნევის ბორცვების დამაკავშირებელი ხიდი, ბილიკები გიგოს გორასა და დაბახნევის ბორცვზე. ასევე სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება – ერეკლე მეორის ქუჩის, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის ცენტრალური ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას თეატრის სარდაფის რეაბილიტაცია.

რაც შეეხება, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონს, უკვე დაწყებულია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე.

ასევე ქალაქ თელავში, ისტორიული სტადიონის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია. მისი შემუშავება უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს.