სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მზადაა დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში

346

აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ასევე, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები განაგრძობს აქტიური როლის თამაშს ამ პრინციპების მხარდაჭერაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და საქართველო წარმოადგენენ პარტნიორებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებშიც. აშშ მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში მისწრაფებას და აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ალიანსის ოპერაციებში, მათ შორის, ავღანეთში, შეაქვს.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში უკვე შეხვდა. ასევე, მაიკ პომპეომ უკვე პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაც დაასრულა.