აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მაიკ პომპეო რამდენიმე წუთში უკვე საქართველოს საპატრიარქოში მივა, სადაც ილია მეორესთან გამართავს შეხვედრას.
ცნობისთვის, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.
მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით მოხარულია. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.