თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით, „ლეიბორისტული პარტიის” მიერ წარმოდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, მოსამართლის მხრიდან იმის ახსნა-განმარტება თუ რატომ არ დააკმაყოფილეს მათი საჩივარი არ ყოფილა.
მისივე თქმით, მათი ვალდებულებაა, რომ შიდასამართლებრივი რესურსი ამოწურონ და სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.
,,სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. გვქონდა სამი მოთხოვნა და სამივე მოთხოვნაზე სრულად გვითხრა უარი. მოსამართლის მხრიდან იმის ახსნა-განმარტება და დასაბუთება, თუ რატომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი არ ყოფილა. ამაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერი არ იყო, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ შიდასამართლებრივი რესურსი ამოვწუროთ. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც, ამის შემდეგ თუ სააპელაციო სასამართლოც იგივე გაიმეორებს ჩვენ იძულებულები ვიქნებით ადამიანების უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ”, – აღნიშნა მარიამ ცუცქირიძემ.