დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადება არ განიხილება, თუმცა, რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“შეზღუდვებზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება საღამოს, ხვალ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში. ლოქდაუნი, ანუ სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა ვუჰანში, ასეთი რამ არ განიხილება, განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლის ნაწილიც დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება”, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, მობილობის შესამცირებლად, მათ შორის, სამსახურები მაქსიმალურად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდნენ.
“ინფიცირებულთა ზრდის შესამცირებლად ოპტიმალური გამოსავალია მობილობის რაც შეიძლება შეზღუდვა. ეს ბევრი რამ შეიძლება იყოს. სკოლები და უნივერსიტეტები უკვე ისედაცაა ონლაინ რეჟიმზე გადასული. ამიტომ სამსახურები მაქსიმალურად უნდა გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. ასევე ტრასპორტით გადაადგილებაზეც შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვის დაწესება”, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 30 ადამიანი, 3 230 კი გამოჯანმრთელდა.