საქალაქო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის” საჩივრის განხილვა მიმდინარეობს

365

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით, „ლეიბორისტული პარტიის” მიერ წარმოდგენილი საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, არ აქვთ პოზიტიური მოლოდინი, რომ სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა აპირებენ, რომ ყველა სამართლებრივ საფეხურს მიმართონ.

„აღნიშნული სარჩელით ჩვენ მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც პროპორციული ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას. ჩვენ გავასაჩივრეთ როგორც საარჩევნო უბნების, ასევე ოლქების შედეგები, თუმცა არსად არ მოხდა ხმების გადათვლა. სწორედ ასეთი უბნებიდან შეაჯამა და დადო ოქმი ცესკომ.

პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ვუპასუხოთ მმართველ გუნდს, რადგან სულ აპელირებენ, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით გვინდა რაიმე შედეგს მივაღწიოთ. ამიტომ, ყველა სამართლებრივ მექანიზმს ამოვწურავთ”, – აღნიშნა მარიამ ცუცქირიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, წარმოდგენილი აქვთ ვიდეო და აუდიომასალა, როგორ ხდებოდა თანხების დარიგება და საჭიროების შემთხვევაში ამ ყველაფერს ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გადააგზავნიან.