ხარაგაულში ორი საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იგეგმება

350

2021 წლის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, წინასწარი მონაცემებით, 8 მილიონი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 1 656 000 ლარს ითხოვს. რას მოხმარდება ეს თანხა, – ამის შესახებ ჩემი ხარაგაული გაერთიანების მთავარ ბუღალტერ მანანა ჭანკოტაძეს ესაუბრა.

“მოთხოვნილი 1 656 000 ლარიდან 1 193 500 ლარი ხელფასებისთვის გვჭირდება, – ამბობს მანანა ჭანკოტაძე, – ეს თანხა მთლიანი ბიუჯეტის 72%-ია. დარჩენილი 462 500 ლარიდან 86 700 ლარი კომუნალური ხარჯებისთვის დავგეგმეთ, 204 ათ. ლარი – აღსაზრდელთა კვებისთვის. რბილი ინვენტარის შესაძენად 5 ათასი ლარი გავითვალისწინეთ, ტრანსპორტირებისთვის – 4 900 ლარი, თანამშრომელთა ბიულეტინისთვის – 3 ათასი ლარი.

2021 წელს ხარაგაულის #2 და კიცხის საბავშვო ბაღების გაზიფიცირებას ვგეგმავთ. ამ მიზნით ბიუჯეტში 60 ათ. ლარი განვსაზღვრეთ. ამ მომენტისთვის ხარაგაულში მხოლოდ #1 საბავშვო ბაღის შენობაა გაზიფიცირებული. კადრების გადამზადებისთვის 5 ათასი ლარი დაგვჭირდება. მომავალ წელს საღანძილეში ახალი საბავშვო ბაღი უნდა გავხსნათ; ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფის ამოქმედებას ვგეგმავთ.

დანარჩენი თანხა სხვადასხვა მუხლებში გადავანაწილეთ – ბუღალტერიისთვის ერთი ახალი კომპიუტერი და პრინტერი გვჭირდება. მცირე ტექნიკის, რბილი ავეჯის, სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად მომავალ წელს 60 ათ. ლარი დავგეგმეთ. კორონავირუსის პანდემიის გამო უფრო მეტ სადეზინფექციო საშუალებებს შევიძენთ, ვიდრე გასულ წლებში,”- ამბობს მანანა ჭანკოტაძე.

2020 წელს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 1 390 000 ლარით განისაზღვრა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის სეკვესტრი მოითხოვა. ამის გამო, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 66 ათ. ლარით შემცირდა.