ფშაველი- აბანო- ომალოს გზაზე სამანქანე გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა. თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახმეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, გზაზე უკვე ჩამოთოვა.
“თუშეთისკენ სამანქანე გზა უკვე ჩაიკეტა. ჩამოთოვა და გაზაფხულამდე გადაადგილება შეუძლებელი იქნება. მუდმივად საცხოვრებლად, სოფლებში, 20- მდე ოჯახი დარჩა. გასული წლის მსგავსად, კვირაში ერთხელ, თუშეთისკენ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იმოძრავებს” – განაცხადა კახოიძემ.
დღევანდელი მდგომარეობით, თუშეთიდან ცხვრის ფარა და საქონელი უკვე სოფლებშია გადმოყვანილი. ფშაველი- აბანო- ომალოს გზა, შემოდგომაზე იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება, რაც თუშეთში ტურისტული სეზონის დაწყებას უკავშირდება.
გახსნამდე, გზის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციას, ყოველწლიურად, საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, გზის გაწმენდა- გახსნის სამუშაოები შეფერხდა, რამაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
ადგილობრივებმა, რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართეს და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩაშალეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პირველი ავია რეისი თუშეთის მიმართულებით, დღეს, 16 ნოემბერს განხორციელდება.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თუშეთში მუდმივ საცხოვრებლად დარჩენილი მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ. ვერტმფრენით სარგებლობა, შეზღუდული რაოდენობით, თუშეთისკენ გადაადგილების მსურველებსაც შეუძლიათ.