IRI: არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები

685

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა”, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

IRI-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე.

“დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო”, – აღნიშნულია ანგარიშში.

IRI მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან და ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში.

“საარჩევნო დავების განხილვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა -განსაკუთრებით იმ დავებზე, რომლებიც ეხება არჩევნების შედეგების გადათვლასა და გაუქმებას – სწრაფად უნდა განიხილონ საჩივრები. იმ უბნებზე, სადაც არსებობს შედეგებით მანიპულირების შემთხვებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ეჭვქვეშ დგას შედეგების დათვლის მთლიანობა, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები შედეგების შეჯამების პროცესის გასაუმჯობესებლად. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფართომასშტაბიან გადამზადებას”, – ნათქვამია IRI-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში.

გარდა ამისა, IRI მოუწოდებს სამართალდამცავმა ორგანოებს, რომ უნდა გამოიძიონ და დროული რეაგირება მოახდინონ ამომრჩეველთა ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მისამართით ჩადენილ დანაშაულებზე.

ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივი მოხსენების თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

NDI-ს მიხედვით, საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ.