დუშეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

507

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარსა და მჭადიჯვარში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს შპს “მეტალ+“ აწარმოებს. სოფელ მაღაროსკარის ბაღის მშენებლობაზე 209788 ლარი დაიხარჯება, ხოლო მჭადიჯვრის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე – 549887 ლარი. მაღაროსკარში სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, მჭადიჯვარში კი – 2021 წლის გაზაფხულზე.

“აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დუშეთის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი ქალაქის N2 და N3 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის შენობებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.