ბაქრაძე: მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დარჩა – ხელახალი არჩევნები

392

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული, რიგით მეორე შეხვედრის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

“სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკოს გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება”. – ამბობს ბაქრაძე.

მისივე თქმით, ამიტომაც, ცესკოს ეს გადაწყვეტილება გახდა ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროა მოლაპარაკების თემა და მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დარჩა – ოპოზიციის შეთავაზება ახალ არჩევნებზე.

“ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან არის დაშორებული, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება”. – ამბობს ბაქრაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს, 14 ნოემბერს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა კვლავ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ჩატარდა და მას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც დაესწრო. პირველი შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერები და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჩაერთნე.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.