პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი მისული იყო ახალი წინადადებით, რომელიც ოპოზიციისთის მიუღებელია. რა შეთავაზებაზეა საუბარი, ელისაშვილი არ ამბობს. ამის შესახებ მან ფორმულას აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“იყო მოსული წინადადებით, რომელიც ჩვენთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელა. შესაბამისად განსაკუთრებით შეხვედრის პირველი ნახევარი მძიმედ მიმდიოდა მოლაპარაკებები. ახლა ველოდებით უფრო ადეკვატურ და კომპრომისულ ნაბიჯს ქართული ოცნების ხელისუფლებისგან. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ კომპრომისებზე, მაგრამ თვითონ ხელისუფლება და ცესკო აქრობენ ამ შესაძლებლობებს”, — განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს, 14 ნოემბერს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა კვლავ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ჩატარდა და მას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც დაესწრო. პირველი შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერები და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჩაერთნენ.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მორიგი აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს, 14 ნოემბერს იმართება.