ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 13 ნოემბრიდან აცხადებს განაცხადების მეოთხე ნაკადის მიღებას პროგრამის „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში.
განაცხადების მიღება გაგრძელდება 22 ნოემბრის ჩათვლით.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.
აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დათვლილია 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად.
თანადაფინანსების თანხის ნახევრის მიღების შესაძლებლობა აქვს მეწარმე სუბიექტს იმ სესხზე, რომელზეც სააგენტოს მიერ ამ პროგრამის ფარგლებში, ერთხელ უკვე განხორციელდა ექვსი კალენდარული თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა.
სააგენტოს ცნობით, თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2020 წლის პირველ მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.
„არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;
თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს:
5 000 000 ლარს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
1 750 000 აშშ დოლარს – აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში;
1 650 000 ევროს – ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში;
კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის პირველ მარტამდე პერიოდში;
სასტუმრო უნდა მოიცავდეს მინიმუმ ოთხ ფუნქციონირებად ნომერს;
მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი გაცემული უნდა იყოს სასტუმროს შეძენის /მშენებლობის /გაფართოების /აღჭურვის /რემონტის /რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;
პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.
ასევე, თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, თუ ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ უკვე ერთხელ განხორციელდა 12 კალენდარული თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.