სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გარკვეული ხარვეზებია სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოშის” ფინანსურ მაჩვენებლებში. კერძოდ კი საუბარია სააგენტოს მიერ ბანკებისთვის პროგრამის ბენეფიციარების სახელზე ჩარიცხულ საავანსო თანხებზე, რომლის მოცულობაც გასულ წელს 51.5 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს თანხები სააგენტოს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც ბანკების მიმართ მოთხოვნები. თუმცა, აქედან 16.2 მილიონ ლარს თავად კომერციული ბანკები არ აღიარებენ. უფრო დეტალურად, ანგარიშში წერია:
“სსიპ – ის აწარმოე საქართველოში ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები“-ს ანგარიშზე 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული 77,440,273 ლარიდან, 51,478,964 ლარი წარმოადგენს კომერციული ბანკების მიმართ არსებულ მოთხოვნებს.
აღნიშნული თანხა მოიცავს აწარმოე საქართველოში-ს მიერ 2020 წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ საავანსო გადახდებს.
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დებიტორული დავალიანების დადასტურებისათვის აუდიტის ჯგუფმა წერილობით მიმართა კომერციულ ბანკებს. მიღებული პასუხების მიხედვით, ბანკები აღიარებენ 16,229,916 ლარით ნაკლებ დავალიანებას.
შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში ფინანსურ ანგარიშგებაში 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზე აღრიცხული 16,229,916 ლარის არსებობასა და სისწორეზე.
სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში განმარტებით, პროგრამების ფარგლებში 2020 წელს ავანსად ჩარიცხული თანხების შესახებ დაგვიანებულმა ანგარიშგებამ, რაც დაკავშირებული იყო პროგრამებში ჩართული ბენეფიციარების მნიშვნელოვან ზრდასთან, გამოიწვია განსხვავება სააგენტოში აღრიცხულ და ბანკების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას შორის, თუმცა, 2021 წლის ივნისიდან კომერციული ბანკებიდან ანგარიშების წარმოდგენა ხდება ყოველთვიურად და მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება ანგარიშგებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული დებიტორული დავალიანების არსებობასა და სისწორეზე,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.