1-2 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი დელეგაცია კახეთს ეწვევა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ვიზიტის მიზანია „რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების დათვალიერება.
მათი განმარტებით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა.
„ვიზიტის მონაწილეები არიან:სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი; მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
2020-2022 წლებში საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.
პროგრამას ხელმძღვანელობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის ფარგლებში. გრანტების პირველი ნაწილის საერთო ფინანსური მოცულობა 5 მილიონი ლარია და 2020 წლის ივლისში დაფინანსება დაუმტკიცდა ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის, ცაგერის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის 11 მუნიციპალიტეტს. მეტი პროექტი დაფინანსდება 2021 და 2022 წლებში.
რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა გულისხმობს აღმავალ, დეცენტრალიზებულ მიდგომას, რომლის ფარგლებშიც წარდგენილი მუნიციპალური პროექტების შეფასება და შერჩევა განხორციელდა შესაბამისი რეგიონების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ხოლო დამკვირვებლის სტატუსით მასში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების გაძლიერება, ინსტიტუტების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და სხვა. ეს ინიციატივები, ევროკავშირის სხვა მიმდინარე სექტორულ პროგრამებთან და პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ინვესტიციებისა და დასაქმების ზრდას.
საქართველოს რეგიონული პოლიტიკის განვითარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. 2020-2022 წლების რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე პროგრამა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პროგრამა პირველად საქართველოში ხორციელდება. ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება EU4Georgia-ს ვებგვერდზე: https://eu4georgia.ge/mediacorner/“,-აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.