TI: რაიონულმა სასამართლოებმა სარჩელების 92.8%, ხოლო სააპელაციო სასამართლოებმა 100% არ დაგვიკმაყოფილეს

389

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში (TI) აცხადებენ, რომ რაიონულმა სასამართლოებმა სარჩელების 92.8%, ხოლო სააპელაციომ 100% არ დაუკმაყოფილათ. TI-ს ცნობით, მათ სასამართლოებში 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვეს.

“მათ შორის იყო მარნეულის #13.22.65 უბანი, სადაც გაყალბების ვიდეო მტკიცებულების არსებობის გამო უბნის სრულად ბათილობას ვითხოვდით”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, სასამართლოებმა გასაჩივრებული 42 უბნიდან მოთხოვნა 39 უბნის შემთხვევაში არ დააკმაყოფილეს. TI-ს ინფორმაციით, სასამართლომ საოლქო კომისიებს ბიულეტენების თავიდან გადათვლა მხოლოდ 3 შემთხვევაში დაავალა: ესენია:

  • ხელვაჩაურის 30.82.39 უბნის შედეგების გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთით მეტი ბიულეტენი “ქართულ ოცნებას” ჰქონდა მიკუთვნებული.
  • ბათუმის 28.79.85 უბანზე აღმოჩნდა, რომ “გირჩს” 36-ის ნაცვლად 4 ხმა ჰქონდა მიღებული.
  • ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა გადაეთვალა 13.22.65 უბანი, სადაც ერთი პირის მიერ მრავალჯერ ხმის მიცემის მტკიცებულება არსებობდა და სადაც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო უბნის შედეგების უპირობო გაუქმებას ითხოვდა, რადგან გადათვლით შეუძლებელია აღმოიფხვრას ასეთი ტიპის გაყალბების შედეგები. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციაში გასაჩივრდა და საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა.

“დამატებითი ინფორმაცია საარჩევნო დავებზე: https://bit.ly/38CkWYI; https://bit.ly/3eQQ0VK; https://bit.ly/32AQH0s “-, ნათქვამია ინფორმაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილება და ხელახლა დათვლა სასამართლოს გზით 6 ნოემბერს მოითხოვა. ორგანიზაციაში აღნიშნავნენ, რომ ამ უბნებზე განსაკუთრებულად პრობლემური შემთხვევები იყო.