თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ნოდარ რუხაძეს 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო გიორგი მჟავანაძეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
სასამართლოს ეზოში გვიანობამდე იმყოფებოდნენ მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა.
ადვოკატ ივანე ჩიტაშვილის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რასაც გაასაჩივრებენ. მისი თქმით, მოსამართლე მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო, რომლებიც ცრუობდნენ.
“ეს მოწმეები ტყუოდნენ, სრულად დისკრედიტირებულები იყვნენ.შესაბამისად, მოსამართლეს პოლიციელების ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან, ისინი იყვნენ მიკერძოებულები და ჩვენ პროცესის მიმდინარეობისას არაერთ ფაქტში ვამხილეთ, რომ ისინი იტყუებოდნენ. მაგალითად, ოქმები არის შედგენილი კანონდარღვევით. სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. რა თქმა უნდა, გასაჩივრებას ვაპირებთ. პატიმრობასთან დაკავშირებით 48 საათიანი გასაჩივრების ვადა გვაქვს. რაც შეეხება ნოდარ რუხაძის ჯარიმის ნაწილს, 10 დღეში საჩივრდება. ჩვენ ხვალიდანვე დავიწყებთ გასაჩივრების პროცედურას. სამწუხარო ფაქტია ის, რომ გიორგი მჟავანაძეს 3 დღით შეეფარდა პატიმრობა და სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება რომც მიიღოს, დიდი ალბათობით, მას საპატიმრო დაწესებულებაში 3 დღე უკვე გატარებული ექნება და ფაქტობრივად, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო პატიმრობაში იქნება”,- განაცხადა ადვოკატმა.
მჟავანაძის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქტივისტები ამბობენ, რომ კომენდანტის საათს არაფერი აქვს საერთო მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან, მას პოლიტიკური მიზნები აქვს და სწორედ ამიტომ აცხადებენ დაუმორჩილებლობას.
შსს-ს ცნობით, 9 ნოემბერს პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.