გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მუშაობის 4-წლიან ანგარიშს ავრცელებს და წერს, რომ როგორც მოქალაქე, ადგილობრივების გვერდით დგომას აგრძელებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ხმის მიწვდენის პროცესში ისევ იქნება ჩართული.
თენგიზ ხუბულური საჯარო უწყებებს, ბიზნეს სექტორს და მედიას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და გამართული შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რაშიც 2016 წლიდან დღემდე პირადად იყო ჩართული.
“საანგარიშო პერიოდში მოსახლეობის საჭიროების გამოვლენის მიზნით ხშირად ვატარებდი შეხვედრებს, სულ 650-ზე მეტი საჯარო შეხვედრა გავმართე გორის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში. ბიუროს 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე წერილობით და ზეპირად მომართა 9000-ზე მეტმა მოქალაქემ. აქედან 3943 წერილობითი განცხადებით, საიდანაც 2485 დადებითად გადაწყდა, ხოლო ზეპირი კონსულტაცია და დახმარება გაეწია 6000-მდე მოქალაქეს. მოქალაქეები მაჟორიტარის ბიუროს ძირითადად მომართავენ ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, სოციალური შემწეობის დანიშვნის, ინფრასტრუქტურულ და სხვა პირად პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე”, – ამბობს თენგიზ ხუბულური.
მოქმედი დეპუტატი ანგარიშში მის მიერ პარლამენტში წარდგენილ ინიციატივებსაც განმარტავს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ტრიბუნის გამოყენებაზე უფრო მნიშვნელოვანი გაკეთებული საქმეები და გადაწყვეტილი საკითხებია, რაც მისი ჩართულობით როგორც თავად ამბობს, არაერთხელ მომხდარა.
“2017 წელს პარლამენტში წარვადგინე ინიციატივა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ვარგისიანობასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებაზე. 2017 წლის ზაფხულში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა გორში ჩემი ინიციატივით. ჩავატარეთ სხვადასხვა სპორტული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო აქტივობები, სადაც ჩართული იყო მთლიანად გორის მუნიციპალიტეტი და მასში შემავალი სოფლები”.
“ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე” – ამ ლოზუნგით ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმების მხარდაჭერით, თემურ ხუბულური ბიურომ უფასო გასინჯვის აქცია გორის თითქმის ყველა სოფელში ჩაატარა.
“ადგილობრივი საკრებულოს წევრის, იოსებ მუმლაძის დახმარებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ გაჭირვებულ მოსახლეობას 3000-მდე ძირი (ახალი, ამერიკული ჯიშის) ვაშლის ნერგი საჩუქრად გადავეცით. ამ საქველმოქმედო აქციის მიზანია, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შემოსავლის წყარო გაუჩნდეს. ყოველთვის აქტიურად მხარს ვუჭერდი დავმონაწილეობდით ახალგაზრდულ პროექტებსა და ღონისძიებებში”, – აცხადებს ხუბულური.
მისივე თქმით, დეპუტატობის საანგარიშო პერიოდიში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოგვარდა ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა: სასმელი და სარწყავი წყალი, სოფლამდე მისასვლელი, შიდა საუბნო გზები, გაზიფიცირება, გარე განათება, საბავშვო ბაღების და სკოლების სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.
“მართალია დაგვრჩა სოფლები, სადაც აღნიშნული პრობლემები კვლავ მოსაგვარებელია, თუმცა მჯერა, რომ ჩემი გუნდი გააგრძელებს სოფლის გაძლიერებაზე მუშაობას, რადგან ძლიერი სოფელი ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპაცია რჩება და მჯერა ჩვენი გუნდის ძალისხმევით და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს”, – ამბობს თენგიზ ხუბულური.