“ბრძოლა გამარჯვებამდე” – ბათუმში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გაგრძელდება

977

თბილისის პარალელურად, გადადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ბათუმშიც მთელი ღამე მთავრობის სახლთან გაათენეს აქციის მონაწილეებმა.

მათი მთავარი მოთხოვნებიც ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათვისუფლებაა.

წუხელ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველების განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის გამო ყველა ის მოქალაქე დაჯარიმდება, ვინც წუხელ მთავრობის სახლთან იყო. მათ რამდენიმე მოქალაქეს ფოტოებიც გადაუღეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

“დღეს კიდევ ერთი კარამი დავამატეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიშლებით და ყოველდღიურად ჩავატარებთ გამოსვლებს. ბრძოლა გამარჯვებამდე”, – ამბობს “ენმ-ძალა ერთობაშიას” წევრი, ბონდო თედორაძე.

რაც შეეხება თბილისს, მომდევნო აქცია შაბათს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.