დაიწყო გამოძიება იმ საქმეზე, რომლის თანახმადაც, 9 ნოემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტი გიორგი მჟავანაძე პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო. აღნიშნული მუხლი კი გულისხმობს, პოლიციელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის განცხადებით, მასზე პოლიციის ეზოში პოლიციელებმა იძალადეს. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, გიორგი მჟავანაძეზე ძალადობის ფაქტს სწავლობს სახალხო დამცველი.
“რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოკითხავს გამოძიების ფარგლებში და დაიწყო გამოძიება, ხოლო ამ წუთებში ფაქტს აფიქსირებს სახალხო დამცველის მოადგილე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გიორგი მჟავანაძის გადმოცემით მასზე პოლიციის ეზოში, პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ეს ჩაიდინა,” — წერს ედუარდ მარიკაშვილი.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოძრაობა “სირცხვილიას” რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე გათბობის მიზნით შეშის შეტანა სცადეს.