ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, რომ მასზე პოლიციის ეზოში პოლიციელებმა იძალადეს. მარიკაშვილის თქმით, გიორგი მჟავანაძეზე ძალადობის ფაქტს სწავლობს სახალხო დამცველი.
“რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოკითხავს გამოძიების ფარგლებში და დაიწყო გამოძიება, ხოლო ამ წუთებში ფაქტს აფიქსირებს სახალხო დამცველის მოადგილე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გიორგი მჟავანაძის გადმოცემით მასზე პოლიციის ეზოში, პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ეს ჩაიდინა,” — წერს ედუარდ მარიკაშვილი.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოძრაობა სირცხვილიას რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე გათბობის მიზნით შეშის შეტანა სცადეს.
9 ნოემბერს, 22 საათზე რუსთაველის გამზირზე მოძრაობის “სირცხვილია” ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყო. მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები აცხადებენ, რომ მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ, იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი ხელისუფლების მიერ სპეციალურად აქციებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან.
აქცია 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გაგრძელდა. ეს აქცია გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედებასთან ერთად მიმდინარეობდა. აქტივისტების განცხადებით, ისინი ამ შეზღუდვებს “დაუმორჩილებლობას” უცხადებენ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.