ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალს წაუყენებენ

494

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალს წაუყენებენ.

როგორც დაკავებულების ადვოკატი, დიანა მარტიაშვილი აცხადებს, გარდაცვლილი და ბრალდებულები უახლოესი მეგობრები იყვნენ, გარდაცვლილის შვილის ნათლიები არიან და მათ ძალიან ახლო, ინტენსიური და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.

ადვოკატის თქმითვე, მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, იძულებას, მუქარას ან ქრთამის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია.

„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს, საქმეში არ იქნება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ისინი ამ ხელისუფლების მძევლები არიან, რომლებიც შურს იძიებენ მათზე, რადგან „მთავარი არხის“ „დღის სტუმარში“ ამხილეს “ქართული ოცნება” და თამარ ჟვანია არჩევნების გაყალბებაში. ორივე ბრალდებული, როგორც ხუსკივაძე, ისე კობალაძე და განსაკუთრებით კობალაძე, გარდაცვლილის მეგობრები არიან. კობალაძე გობეჯიშვილის ბავშვობის მეგობარია. გარდაცვალებამდე, გობეჯიშვილი თავისი ინიციატივით ავიდა ღამის 2 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში კობალაძესთან. გობეჯიშვილს მეუღლე ინტენსიურად ურეკავდა, რა დროსაც ის კობალაძესთან იყო სახლში დილის 8 საათამდე და მისი მეუღლის განწყობასაც კარგად აღიქვამდა, იქ რამე დაძაბულ საუბარს ადგილი თუ ექნებოდა, მისი ცოლი მიხვდებოდა. აქეთ სთავაზობდა გობეჯიშვილი, წავიდეთ ახლა გავაგრძელოთ ქეიფი სხვა მეგობრებთანო. კობალაძე გობეჯიშვილს ხშირად ურეკავდა, მივიდა თუ არა სახლში, ვინაიდან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. დილის 9 საათზე უკვე, თვად გობეჯიშვილმა დაურეკა კობალაძეს, სახლში ვარ ძმაო და მშვიდად იყავიო. 12 საათზე კი შეიტყვეს, რომ თედო გობეჯიშვილი გარდაცვლილი იყო“, – განაცხადა მარტიაშვილმა.

ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.