ბოკერია: რამდენიც საჭირო იქნება ამ კრიზისის განმუხტვისთვის, იმდენი ხანი გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი

437

რამდენი ხანიც საჭირო იქნება ამ კრიზისის განმუხტვისთვის და ამ რეჟიმისთვის გონს მოსაყვანად, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, იმდენი ხანი გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ვიხილეთ მორიგი ეპიზოდი სამარცხვინო რეაქციის, პანიკის. წყლის ჭავლის და გაზის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არის პანიკური რეჟიმისთვის დამახასიათებელი სამარცხვინო საქციელი. ჩვენი ამოცანაა სადაც ვართ იქ რამე საბაბი არ მივცეთ რეჟიმის, რომ ამ ხალხს ბრძანება მისცენ უკანონო კიდევ ერთი.

ჩვენ შესვლის გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ თუ ვინმე ემოციური რეაქცია ჰქონდა, ან ახლოს მივიდა, დანარჩენ ხალხს წყლის ჭავლს რატომ ესვრიან?!“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.