ლევან ხაბეიშვილი მმართველ პარტიაზე: აბსურდი არის ის, სადაც ახლა თვითონ შედიან და ამ აბსურდიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ

384

აბსურდი არის ის, სადაც ახლა თვითონ შედიან და ამ აბსურდიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მმართველი პარტიის პოზიციას ოპოზიციის მოთხოვნების აბსურდულობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლება არაადეკვატურია, ოპოზიცია და ხალხი კი უკან დახევას არ აპირებს.

„სამწუხარო რეალობაა, რომ როგორც არჩევნები გააუქმა ბიძინა ივანიშვილმა, ამ არჩევნების გაუქმების შემდეგ უკან დახევას არ აპირებს და ფაქტობრივად, მთელი საზოგადოება და ოპოზიციაც არის შეთანხმებული იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურია. ულტიმატუმი, რომელიც გამოაცხადა ნიკა მელიამ არის ოპოზიციის ერთობლივი შეთანხმება და როცა ასეთი არაადეკვატურია ხელისუფლება, დაამთავრებს ძალიან ცუდად. თუ ფიქრობს, რომ ვინმე დაიღლება, ეს ასე არ მოხდება, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ქართველი ხალხი გამარჯვებას არ მოიპოვებს, ამიტომ ან ახლა ამ არჩევანს დაუბრუნებს ხალხს ან არადა არავინ აპირებს უკან დახევას და მოდით პირდაპირ ვთქვათ, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა იყოს, დღეს ოპოზიციამ გამოამჟღავნა მაღალი პასუხისმგებლობა და არა მარტო დღეს, მათ შორის, ყველა სამართლებრივი ნაბიჯი გავიარეთ, გასაჩივრებები, სასამართლოც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამის რწმენა არავის აქვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანონის შესაბამისად. ყველა ხედავს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები, რომ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, ამ დროს „ქართული ოცნება“ არ ელაპარაკება ხალხს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.