კობახიძე: საქართველოში ამ რაოდენობით უბნები არასდროს გადათვლილა, რაც აჩვენებს, რომ ღიაობის დიდი მაჩვენებელი გვაქვს

343

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ დროისთვის გადათვლილია უბნების უპრეცედენტო რაოდენობა და დაახლოებით 30-მდე უბანი კიდევ გადაითვლება. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ე.წ. კარუსელთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ მხოლოდ სპეკულაციები ისმის და მათ ფაქტები არ წარმოუდგენიათ.

„უკვე უპრეცედენტო რაოდენობით არის გადათვლილი უბნები. მათ შორის, საოლქო კომისიებში და ასევე სასამართლო პროცესების მიმინარეობისას და ეს პროცესები კიდევ გაგრძელდება დღესაც და გაგრძელდება ასევე სააპელაციო სასამართლოშიც. ჩემი ინფორმაციით, უკვე გადათვლილია 30-მდე უბანი, როგორც ოლქების დონეზე, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დარწმუნებული ვართ, ეს პროცესი გაგრძელდება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. საქართველოში ამ რაოდენობით უბნები არასდროს გადათვლილა, რაც აჩვენებს იმას, რომ ღიაობის დიდი მაჩვენებელი გვაქვს ჩვენ და ღიაობნის დიდი მაჩვენებელი აქვს საარჩევნო ადმინისტრაციას.

რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, რაზეც მხოლოდ სპეკულაციებია და არავითარი ფაქტები, ერთადერთი ფაქტი დაიდო ერთ -ერთ ოპოზიციურ ტელევიზიაში და იმ ქალბატონმა უტყუარად დაამტკიცა, რომ ჩვენ “კარუსელთან” საქმე არ გვქონია. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო და აღმოჩნდა რომ ე.წ. ფეიკი იყო და ის ქალბატონი ორჯერ არ მისულა ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე. „კარუსელი“ რომ არ ყოფილა ამისთვის ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რასაც ჩვენ პირველ რიგში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვაჩვენებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მმართველმა გუნდმა 12% მოიპარა, რადგან ამომრჩევლები გარეთ შემოხაზული ბიულეტენებით შედიოდნენ ხმის მისაცემად, კობახიძე ამბობს, რომ „წმინდა წყლის სპეკულაციებია, ეს ცალსხად შეიძლება ითქვას“.

„მათ შორის თქვენ რაც აღნიშნეთ, ხელმოწერები არის ერთ-ერთი მთავარი დასტური. „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნული იყო დაახლოებით 10 ათასი წევრი, ამდენივე წევრი იყო დაახლოებით, ოპოზიციური პარტიების მიერ.

ეს 10 ათასი წევრი „ქართული ოცნებიდან“, 10 ათასი წევრი ოპოზიციური პარტიებიდან ხელს აწერს იმ ოქმებს, რომლებიც გახდა კრიტიკის საგანი. რეალურად, ჩვენ რომ ჩავხედოთ დეტალებს, მთლიანობაში პრობლემური ოქმი არის დაახლოებით, 50-60, რაც სწორდება და ბოლომდე გასწორდება. ამ პრობლემურ ოქმებსაც ხელს აწერს 3 ოპოზიციონერი თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

თუ იმ 50-60 უბანზე იყო მანიპულაციის საფუძველი, მაშინ გამოდის, რომ მათ მიერ დანიშნული წევრებიც ამ მანიპულაციის თანაავტორები იყვნენ. ვნახოთ რა იყო რეალურად მიზეზი და ჩავეძიოთ, რა წვლილი მიუძღვოდა სამ ოპოზიციონერს თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიაში ოქმის არასწორად შედგენაში“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთ უბანზე მისულ ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენია აღმოჩენილი, კობახიძე ამბობს, რომ გადაითვლება თითოეული ასეთი უბანი.

„გადაითვლება და გაირკვევა მიზეზი, მათ შორის გაირკვევა ის, თუ რატომ მოაწერეს ხელი ასეთ ოქმს კომისიის 12-12-მა წევრმა. 30 უაბნი გადაითვალა და მგონია, რომ ერთი ამდენი კიდევ გადაითვლება. ეს ყველაფერი დაადგენს იმას, რა იყო ზედმეტობის თუ ნაკლებობის მიზეზი, ან რატომ გახდნენ ამ დისბალანსის თანაავტორები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები როგორც „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული, ასევე ოპოზიციის მიერ დანიშნული“, – განაცხადა კობახიძემ.