ბათუმში, ე.წ ხოფას ბაზრობაზე ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” წევრი მიშა ქავთარაძე აცხადებს, შემთხვევის დროს ოპოზიციის წევრებმა დაზიანებები მიიღეს.
მისი თქმით, ხოფას ბაზრობაზე ხვალ დაგეგმილი აქციის შესახებ ფლაიერებს არიგებდნენ, როდესაც უცნობმა პირებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკირი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“ფალიერებს ვარიგებდით და ხვალინდელი აქციის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას ვაწვდიდით, ამ დროს ერთი პირი მოგვიახლოვდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა და 10-მდე პირი ფიზიკურად გაგვისწორდა. დაზიანებები სახის არეში მოგვაყენეს, თუმცა სამედიცინო ჩარევა არ დაგვჭირვებია”, – განაცხადა მიშა ქავთარაძემ.
ბაზრობაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ინციდენტში მონაწილე პირები კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გამოკითხვაზე გადაჰყავთ.
მომხდარი ინცინდენტის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
თავის მხრივ, ხოფის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან.
“დღეს, 7 ნოემბერს მოვიდნენ, ალბათ ყველას გახსოვთ, რაც მოხდა 7 ნოემბერს, გაჰყვირიან მიშა, მიშას. სწორედ ამაზე გავღიზიანდით”, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე, რომელიც ე.წ.ხოფას ბაზრობაზე მუშაობს.