„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიასთან მიმართებით პროვოკაციის მოწყობას აქვს ადგილი, რის გამოც ქუთაისში დაგეგმილი აქცია გააუქმეს.
როგორც ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის პირად „პლანშეტზე“, „ვოთსაფის“ სისტემით მიიღო ხმოვანი გზავნილი პირისგან, რომელიც ინტერესდებოდა როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები. ინაშვილის თქმით, ხმოვან გზავნილში მოქალაქე აღნიშნავს, რომ მისი სახელი და გვარი არის საიდ ახმედი, გროზნოდან. ინაშვილის განმარტებით, ამ ადამიანს არ იცნობს და მიიჩნევს, რომ პროვოკაციას აქვს ადგილი. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, დაფიქსირებულია ხმოვანი გზავნილის ნომერი, ამავდროულად, სამართალდამცავებს საკითხისადმი დაინტერესებისთვის მიმართავს
აღნიშნული ხმოვანი გზავნილი ინაშვილმა მედიას გააცნო.
„ეს ვინმე საიდ ახმედი, თუ დააკვირდებით, მესაუბრება ისე, რომ თითქოს ჩემი ახლობელი იყოს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ არანაირ საიდ ახმედ არ ვიცნობ და ეს გზავნილი, რომელიც მე მივიღე მედიაში გამოქვეყნდება. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია. ამადროულად ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ჯერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდნენ ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციებს, ამიტომაც გადავიტანეთ აქცია ქუთაისში, ახლა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ქუთაისშიც იგეგმება პროვოკაციები ჩვენს წინააღმდეგ. ვინ გეგმავს ამ პროვოკაციებს დღეს, ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ძალიან მალე მოვა დრო და ყველაფერი ნათელი გახდება. ჩვენმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც ამ პროცესებიდან გამომდინარე და მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება საპროტესტო აქციები და ჩვენ უარს ვამბობთ მიტინგებზე. ჩვენ ვიღებთ რამდენიმეკვირიან პაუზას, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები, რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ისევ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე და ხელახალ არჩევნებს მოითხოს.
„მთელ პასუხისმგებლობას ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებთ, რომელმაც სამარცხვინოდ გააყალბა არჩევნები და ეს კრიზისი თვითონ გამოიწვია ქვეყანაში“, -განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსი“ ქუთაისში აქციის გამართვას 9 ნოემბერს გეგმავდა.