ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალედ და სამართლიანად გამოიძიოს ყველა საარჩევნო ინციდენტი. იგი, ასევე მოუწოდებს ყველა მთავრობასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას, ამომრჩეველთა დაშინება და სხვა ნეგატიური პრაქტიკა აღარ განმეორდეს მეორე ტურში.
“საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა, როგორც კონკურენტული. მათ, ასევე აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები კამპანიის დროსა და აგრეთვე, არჩევნების დღეს. მე ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ მათ პანდემიის რისკების მიუხედავად, კიდევ ერთხელ გამოავლინეს დემოკრატიისადმი ერთგულება.
კამპანიისა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ხარვეზებმა საზოგადოების ნდობაზე იმოქმედა. მოვუწდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და მკაცრი, გამჭვირვალე და სამართლიანი რეაგირება მოახდინოს ყველა ინციდენტზე.
ამავე დროს, უნდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არსებული ყველა საჩივარი უნდა განიხილებოდეს შესაბამისი, არსებული მექანიზმებით.
მოვუწოდებ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ამომრჩეველთა დაშინებისა და სხვა ნეტარიური პრაქტიკა, რაც პირველ ტურში გამოვლინდა, აღარ უნდა განმეორდეს მეორე ტურში.
მე, ასევე ვურჩევ მათ, დაიცვან პირველი ტურის დროს გაცემული საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციები, რათა აამაღლონ მეორე ტურის პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობა.
მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეს, რომ იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით. ასევე მოვუწოდებ მათ განაახლონ დიალოგი, რაც შეიძლება მალე, რათა მოგვარდეს თავიანთი უთანხმოებები მშვიდობიანად და დემოკრატიულად.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და ქვეყნის მისწრაფებას, ევროატლანტიკურ სტუქტურებისკენ.
დემოკრატია არის, როგორც ნატოს, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფუნდამენტური პრინციპი, შესაბამისად, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა საქართველოსთვის ამ მიზნის მიღწევის მოთხოვნაა”, – წერია ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში გამართული არჩევნების პირველ ტურს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდა, ეუთოს ასამბლეის, ევროსაბჭოსა და ეუთო/ოდირის მისიებთან ერთად. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას ვიცე-პრეზიდენტი, ოსმან ასკინ ბაკი ხელმძღვანელობდა.