მთაწმინდის საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლებს კომისიებში, სხდომაზე ისევ არ უშვებენ – ადგილზე დაპირისპირებაა. საოლქო კომისიასთან ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებიან.
იგივე ვითარებაა დედაქალაქის სხვა საოლქო კომისიებთანაც, სადაც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციაა, ოპოზიციის წევრებსა და მოქალაქეებს კი ადმინისტრაციულ შენობებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ტერიტორიიდან ზვიად კუპრავა გაიყვანა – ის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ ადამიანების შეშვებას ითხოვდა, რომლებსაც შესაბამისი მოწმობები ჰქონდათ. ზვიად კუპრავას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ ლაჩაშვილთან შეხვედრაც სურდა. მისი თქმით, არჩევნების გაყალბების ამსახველი მტკიცებულებების გადაცემას აპირებდა.
აქტივისტები საოლქო კომისიებთან საყვირებითა და პლაკატებით არიან მისულები და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, ისინი იმ საჩივრების დაკმაყოფილებას მოითხოვენ, რომლებიც ხმების დათვლის შემდეგ დაიწერა.
პოლიცია საოლქო კომისიებში არ უშვებს არც იმ პირებს, ვისაც ცესკოს ე.წ. ბეიჯი აქვს და უფლება აქვს სხდომებს დაესწროს.