საოლქო კომისიებთან დაკავებული 7 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

307

საოლქო კომისიებთან დაკავებული 7 პირი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გამოუშვეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოპოზიციური პარტიების აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პროცესი ხვალ 13:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ სხდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ კომისიამ ოპოზიციის არც ერთი საჩივარი განიხილა.

ცნობისთვის, საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყანა მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. არჩევნების ჩატარების შემდეგ ოპოზიცია გაყალბებაზე ალაპარაკდა, რის გამოც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ყოველდღიურად, აქციებისა და მსვლელობების მეშვეობით ითხოვენ. კვირას, 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.